საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან შეხვედრა გამართა

თინათინ რუხაძე

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„მთავრობის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ბათუმის დელეგატი საქართველოს პარლამენტში არჩილ ბერიძე ესწრებოდა, განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელოვნების განვითარების საკითხები, ასევე, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები კულტურის სფეროში.

აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილეები - ლადო მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე ესწრებოდნენ, კულტურის სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონში კულტურის სფეროში დაგეგმილი პროექტების კოორდინირებულად განხორციელების საკითხები განიხილეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონი მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც განპირობებულია მისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა თუ კულტურული მრავალფეროვნებით.

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ აქტიური თანამშრომლობისა და საერთო ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოხატა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში კულტურული ცხოვრების გააქტიურებასა და საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.