საქართველოს ელჩმა დაგვარწმუნა, რომ რუსეთთან ფრენების განახლებას არ აპირებენ - უკრაინის საგარეო უწყება

შეხვედრა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი პერებიინისი საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ელჩმა უკრაინული მხარე დაარწმუნა, რომ რუსეთთან ფრენების განახლებას არ აპირებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა – საქართველო შეიცვლის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ და რომ ასევე თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას რუსეთის წინააღმდეგ:

„ევგენი პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს უკრაინის ქალაქებისთვის გადაცემული ენერგეტიკული აღჭურვილობისთვის, ასევე საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვებისთვის შესაბამისი პროგრამებისთვის, რომლის გაგრძელებაც იგეგმება. მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის იმ მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეიცვლის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას და რომ თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ამ კონტექსტში მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო.

ელჩმა დაარწმუნა, რომ საქართველოს არ აქვს განზრახვა განაახლოს ფრენები რუსეთის ფედერაციაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.