„საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს ხურავს - ნახეთ მიზეზი

ყადაღა

„საქართველოს ბანკმა“ რუსეთის 200-მდე მოქალაქის საბანკო ანგარიში დახურა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ „ფორბსში“ გამოქვეყნდა.

ფაქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ საქართველოს ბანკში.

„გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება კლიენტის უჩვეულო ან და მაღალი რისკის მატარებელ აქტივობას/ქცევას. კონკრეტულად კი, თუ ანგარიში გამოყენებულია სატრანზიტო მიზნით ან წარმოადგენს უმოქმედო ანგარიშს.

ბანკის შიდა პოლიტიკის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ასევე ეფუძნება ისეთ პარამეტრებს როგორიცაა: მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნების კლასიფიკაცია, მასთან დაკავშირებული რისკები და ა.შ. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ბანკს აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლის ანგარიშის დახურვასთან დაკავშირებით. რადგან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონი“ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს ანიჭებს სრულ უფლებამოსილებას, კლიენტებს დასაბუთების გარეშე უარი უთხრან მომსახურებაზე ან დაუხურონ ანგარიშები.", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ცხოვრების შესახებ ტელეგრამის ერთ-ერთი არხის შემქმნელი ნიკოლაი ლევშიცი, ბანკის დაზარალებულ კლიენტებზე დაყრდნობით წერს, რომ BOG-ის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, კრიპტოვალუტის სატრანზიტო ოპერაციებთან იყოს დაკავშირებული.