საქართველო, როგორც ქვეყანა, ინსტიტუციურ დონეზე ძალიან გაძლიერდა - არც ქვეყნის გარედან და არც შიგნიდან, არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეს ეხმაურება. მისვე თქმით, კითხვის ნიშანს აჩენს ის საკითხი, რატომ არ გააჟღერეს, რომ საქმის გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობდა.

„კითხვის ნიშანს აჩენს ის საკითხი, თავიდან თავად რატომ არ გააჟღერეს, რომ საქმის გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობდა, რომელიც მერე შემთხვევით წამოსცდათ.

საქართველო, როგორც ქვეყანა, ინსტიტუციურ დონეზე ძალიან გაძლიერდა. უკვე ჩამოვყალიბდით სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, სადაც ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ჩვენ, არც ქვეყნის გარედან და არც შიგნიდან არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას.

იმ მაღალჩინოსნებიდან, რომლებიც დღეს უკრაინაში მაღალ პოსტებს იკავებენ (ლორთქიფანიძე და ადეიშვილი) მათგან ასეთი ტიპის თემის დაგეგმვა არავის უკვირს, რადგან როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ უდანაშაულო ხალხს ხოცავდნენ ქუჩებსა და ციხეებში. თუმცა ისინიც თავიანთ უცხოელ უფროსებთან ათანხმებენ ასეთ თემებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა, სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.