საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა...ვერც კაია კალასები, რასა იუკნევიჩიანები და ვერც ვერავინ ვერ განსაზღვრავენ საქართველოს ევროპელობას - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

"იმ წამს, რა წამსაც ორმაგი სტანდარტი და არამეგობრული დამოკიდებულება შეიცვლება ევროკავშირის მხრიდან, შეიცვლება ჩვენი დამოკიდებულება და მზად ვართ, რომ აღვადგინოთ ეს ურთიერთობები" - ლევან მახაშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" ევრობიუროკრატიაზე და საქართველოს მიმართ ბრიუსელის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.

მისი თქმით, ერთადერთი ბარიერი, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორისაა, ეს მათი მხრიდან მტრული და არამეგობრული დამოკიდებულებაა.

მახაშვილის თქმით, თუ ბრიუსელი საქართველოს მიმართ მიდგომას შეცვლის, ანალოგიურად, საქართველოც შეცვლის დამოკიდებულებას მათ მიმართ.

"პოლიტიკური მოცემულობა, რა თქმა უნდა, ვერ განსაზღვრავს საქართველოს ევროპელობას. ვერც კაია კალასები, რასა იუკნევიჩიანები და ვერც ვერავინ ვერ განსაზღვრავენ საქართველოს ევროპელობას. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა, ჩვენი შინაგანი მოცემულობაა და კონსტიტუციაშიც მაგიტომ წერია ეს. ევროპა ვერ იქნება, თუ საქართველო ვერ იქნება, თუ განადგურებულები ვიქნებით. ევროპაში არავის სჭირდება ღარიბი, აწეწილ-დაწეწილი და ათასი პრობლემით დამძიმებული კიდევ ერთი სახელმწიფო. საკმარისი პრობლემები აქვთ თავისი. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, ეკონომიკას თუ განვავითარებთ და ტერიტორიულ მთლიანობას თუ მალე აღვადგენთ, ეს ევროკავშირის ჩვენდამი ინტერესსაც ერთი-ორად გაზრდის. დღეს ერთადერთი ბარიერი, რაც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ეს არის არამეგობრული, ზოგიერთ შემთხვევაში მტრული დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი საქართველოს მიმართ. მეტი არაფერი წინაღობა არ არის და უფრო მეტსაც გეტყვით, იმ წამს, რა წამსაც ეს ორმაგი სტანდარტი და არამეგობრული დამოკიდებულება შეიცვლება, შეიცვლება ასევე ჩვენი დამოკიდებულება და მზად ვართ, რომ აღვადგინოთ ეს ურთიერთობები," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.