საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადს ოფიციალურად აკეთებს

ევროკავშირი

საქართველოს ევროკავშირს წევრობის განაცხადით დაჩქარებული წესით მიმართავს.  ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„2024 წელს, როგორც ეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული, ძლიერი, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით. თუმცა, საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს“,- განაცხადა კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.