საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციას აკრიტიკებს. როგორც მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რადიკალური ოპოზიცია  საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს პრორუსულ ქვეყნად წარმოჩენას ცდილობს.

"მე მსურს სოლიდარობა გამოვხატო უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ. მინდა გამოვეხმაურო რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ ქმედებებს და კამპანიას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე გააქტიურდა.

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს საბაბად საპროტესტო აქციებისთვის და შიდა და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის.

ეს წარმოაჩენს ოპოზიციის მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებას. სწორედ ამ ქმედებებით ჩააბარეს მათ 2008 წელს ქვეყნის 20% რუსეთს. ახლა კი, როგორც ჩანს, ესეც არ ყოფნით და საქართველოს მდგომარეობის დამძიმებას ცდილობენ.

ამის სახე იყო ხატია დეკანოიძის მდარე სიცრუით გაჯერებული გამოსვლა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე, სადაც ის ცდილობდა საქართველოს პრორუსულ ქვეყნად წარმოჩენას,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.