საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტში სტაჟირების გავლის წესის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტში სტაჟირების გავლის წესის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” პარლამენტის რეგლამენტის პროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის განმარტებით, ცვლილების თანახმად, პარლამენტის აპარატში სტაჟირების ხანგრძლივობა და სტაჟირების გამოცხადების წესი განისაზღვრება არა საკანონმდებლო აქტით, როგორც აქამდე მოქმედი რედაქციით ხდებოდა, არამედ კანონქვემდებარე აქტით.

კერძოდ, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ნორმის მოქმედი რედაქციიდან ამოდის ჩანაწერი - „პარლამენტის აპარატში სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე, პარლამენტის აპარატში სტაჟირება ცხადდება წელიწადში ორჯერ“ და ჩაიწერება, რომ სტაჟირების გამოცხადების წესი და მისი ხანგრძლივობაც განისაზღვრება აპარატის უფროსის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესით.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ეს ცვლილება უფრო მოქნილს ხდის სტაჟირების გავლის წესს, რაც მორგებული იქნება სტაჟირების მსურველთა ინტერესებზე.

კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.