საპარლამენტო დელეგაციამ სეულში კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა

დელეგაცია

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სეულში ვიზიტი დასრულდა. საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობდა, ბოლო შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გენერალურ დირექტორ ჩულ ლისთან გამართა.

შეხვედრაზე განხილვის ძირითად თემებს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული დადებითი დინამიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოს რეზოლუციის — „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ — მხარდაჭერის განგრძობადობაზე, ისევე როგორც საქართველოს მიერ კორეის რესპუბლიკის რეზოლუციის თანასპონსორობაზე. მხარეებმა გაერო-ს ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე. კორეის რესპუბლიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

ნიკოლოზ სამხარაძემ წუხილი გამოხატა გასულ წელს კორეის რესპუბლიკის პარლამენტში მომხდარი სამწუხარო ინციდენტის გამო, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს პარლამენტის ერთ-ერთ დეპუტატთან და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. კორეულმა მხარემ დაადასტურა, რომ მათი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის მყარი და უცვლელი.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა კორეის სავაჭრო წარმომადგენლობის (KOTRA) და ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მნიშვნელობა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განსავითარებლად.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების მზარდი დინამიკა აღნიშნეს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.