უკრაინის ნაკრები ძლიერია, თუმცა ასეთია ძლიერი ნაკრებებიც აცნობიერებენ, რომ ჩვენც აღარ ვართ ცუდი გუნდი - ვილი სანიოლი 11 ოქტომბრის მატჩზე

სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრებისთვის ემზადება- ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს პოლონეთში უკრაინას შეხვდება, 14-ში კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს.

სწორედ “მესხი არენაზე“ გაიმართა ნაკრების მთავარი მწვრთნელის და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის პრესკონფერენცია. მათ “ერთა ლიგის“ მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრეს. უპასუხეს კითხვას ნაკრების და ვილი სანიოლის მომავალ თანამშრომლობაზეც. ითქვა, რომ ქართულ მხარეს მუშაობის გაგრძელების სურვილი აქვს.

“უკრაინის ნაკრები ძლიერია, თუმცა ასეთია ძლიერი ნაკრებებიც აცნობიერებენ, რომ ჩვენც აღარ ვართ ცუდი გუნდი. საინტერესო ფეხბურთს ვთამაშობთ და ვნახოთ მოვახერხებთ თუ არა უკრაინასთან პირველად გამარჯვებას. მეც მაინტერესებდა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელები ახალ გამოწვევას როგორ მიიღებდნენ. სექტემბრის მატჩებში დავამტკიცეთ, რომ წარმატება შემთხვევითი არ იყო. წინ რთული მატჩები გველოდება, მაგრამ 23 ფეხბურთელი გვყავს და ძალების გადანაწილება შეგვიძლია“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.