საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა - სასტიკი მკვლელობის დეტალები
1732197222
"ჯორჯიან ეარვეისის" საფრენოსნო სამსახურის ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს. თამაზ გაიაშვილი უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით, აბსურდს და უსამართლობას უწოდებს.
"უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. მე საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ის ორკესტრირებული ტაშ-ფანდურა მიკვირს, რომლითაც ისინი ქართული ეროვნული კომპანიებისთვის გარედან თითის ქნევას ეგებებიან. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლა უკიდურესად რადიკალურ ფორმებს იძენს. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ როგორმე დაამხონ ხელისუფლება და თვითონ აღმოჩნდნენ ქვეყნის სათავეში. თავიანთი ამ არაჯანსაღი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი ახერხებენ უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა. ყველაფერ ამას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაზე სამთავრობო ხელშეკრულება არეგულირებს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპანია, ვალდებული ვართ შევასრულოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს.
რაც შემეხება პირადად მე, 2003 წლიდან აღარც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი ვარ და აღარც გენერალური დირექტორი, მე მხოლოდ საფრენოსნო სამსახურის უფროსის თანამდებობა მიკავია.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა.
აქვე მინდა გამოვხატო წუხილი იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსეთში ფრენებს ახორციელებენ თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთელი აზიისა და შუა აზიის ავიაკომპანიებიც, რომლებიც ასობით რეისს ასრულებენ. მაგრამ მათ სანქციების დაწესებას ვერ კადრებენ. არც მე და არც „ჯორჯიან ეარვეისს“ პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვს. ჩვენ ოცდაათი წელიწადია კეთილსინდისიერად ვემხახურებით ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას.
დასასრულს, იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყება,"- წერია განცხადებაში.