სანქციებით ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას - მამუკა მდინარაძე

mamuka mdinaraZe

„საქართველომ ისევე, როგორც ჩვენი სამეზობლოს ყველა ქვეყანამ, მათ შორის, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ განაცხადა, რომ ეკონომიკურ სანქციებს ვერ შეუერთდება. ამის მიზეზებიც მკაფიოდ იქნა განმარტებული: რაციონალიზმს არის მოკლებული იმგვარი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, საქართველოს მოსახლეობას კი უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს შეუქმნის",-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას. გამოკვეთილია ერთადერთი ძალა, ვის ინტერესებშიც ეს შედის და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოში ვითარების დამძიმება და სამხედრო კონფლიქტში ქვეყნის უშუალო ჩართვაა. გასაკვირი არ არის, რომ პირველი, ვინც ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.

აქვე ჩნდება კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ამ განცხადებების რეალური ინიციატორი, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ „ნაციონალური მოძრაობის“. სინამდვილეში, მათ იგივე მეხუთე კოლონას საქართველოში, არ ადარდებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი. ერთადერთი, რაც მათ ინტერესებშია, საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა.

მათ სურთ საქართველოში 2008 წლის სცენარის გამეორება, როდესაც რუსეთს ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და მოგვიანებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები დაადანაშაულეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ჩვენ მათ არ მივცემთ საქართველოს ომში ჩათრევის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი. საქართველო აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამოსახატად და ამავდროულად, საქართველოში მშვიდობის და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მდინარაძემ.