სამწუხაროდ ცალკეული სადამკვირვებლოო ორგანიზაციები მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ერთნაირი სტანდარტით არ ზომავენ - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

ეუთო/ოდირის მიერ მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შესახებ მომზადებული დასკვნის ირგვლივ ევროპულ გამოხმაურებებს აფასებენ „ქართულ ოცნებაში“. მმართველი გუნდი პარტნიორების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.

„ნათელია ის, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის რამდენიმე სტანდარტი შეფასებებში. სამწუხაროდ ცალკეული სადამკვირვებლოო ორგანიზაციები მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს და იგივე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ერთნაირი სტანდარტით არ ზომავენ და არ ახორციელებენ მონიტორინგს. ბუნებრივია, ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა ის სიმართლე, რომელიც 26 ოქტომბერს საქართველოში დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, უკვე აღიბეჭდა ეუთო/ოდირის დასკვნაში და ამ სიმართლეს წყალი არ გაუვა“, - მიიჩნევს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მოქმედი პრეზიდენტი კვლავ მიმართავდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებად, ვიდრე პირველ ტურში; მედია კი პროცესს დაუბალანსებლად აშუქებდა.