სამხარაძე PACE-ს წევრებთან შეხვედრაზე: ავუხსენით, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მივიღეთ საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, რომ ეს კანონი არ არღვევს არც ერთ უფლებას, რომელიც ჩამოთვლილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში

ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით საკმაოდ მყარი პოზიცია აქვთ და ეს კანონი არც ერთ უფლებას არ არღვევს.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ნათლად ავუხსენით, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიცია, ეს კანონი მივიღეთ საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არ არღვევს არცერთ უფლებას, რომელიც ჩამოთვლილია ადამიანის უფლებათა ეროვნულ კონვენციაში. მათ ნათლად ვუთხარით, რომ ეს კანონი გასაჩივრებულია როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე გასაჩივრებულია სტრასბურგშიც“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს, ედიტ ესტრელასა და საბინა ჩუდიჩს შეხვდნენ.