1740914281
სამი წლის განმავლობაში უამრავი სირთულე გავიარეთ და საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ, ჩვენი პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა - ლევან მაჭავარიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა.
მაჭავარიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ გადაედგა ის ნაბიჯები, რისკენაც მას მოუწოდებდნენ, საქართველო დღეს უკრაინაზე უარეს მდგომარეობაში იქნებოდა.
„სამი წლის განმავლობაში უამრავი სირთულე გავიარეთ და საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ. უკრაინაში ტრაგედია როცა დაიწყო, იმ დღიდან საქართველოს მიმართ დაიწყო ზეწოლა, როგორც გარე აქტორების, ისე რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ მხრიდან, კოლექტიურ ლომჯარიებს და გიგაურებს ვგულისხმობ. თავდაპირველად წნეხი დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, რაც ეკონომიკის ნგრევას და რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა. მოხალისებიის ჩარტერული რეისით გაგზავნას ითხოვდნენ, რაც რუსეთთან პირდაპირ ესკალაციაში შესვლას ნიშნავდა. ასევე იყო მოთხოვნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღება უნდა გადაგვეცა და შემდეგ სანაცვლოდ შეიარაღებას ამერიკა გადმოგვცემდა. ჩვენ რომ ეს ნაბიჯები გადაგვედგა, სამწუხაროდ, იმაზე უარეს დღეში ვიქნებოდით, რაშიც დღეს უკრაინა არის. ძალიან მყარად დავდექით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, როგორ დაპირისპირებაში შევდიოდით ბრიუსელის ბიუროკრატებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან და „ენჯეო“ სექტორის მავნებელ ნაწილთან. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც სხვანაირად ვერ იმოქმედებდა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.