1762879000
სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას, ამ რთულ დროს ჩვენი მთავრობები მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდასთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მაკა ბოჭორიშვილი მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.
„ვესაუბრე მინისტრ ჰაკან ფიდანს საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკულ ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. გულითად სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას. ჩვენი მთავრობები მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან ამ რთულ დროს“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „საქაერონავიგაციამაც“, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
მათივე ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.











