სამაშველო, ახალი ვერტმფრენების შეძენასთან დაკავშირებით პრემიერი კარგ ინფორმაციას ავრცელებს

პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

მისი თქმით, იგეგმება წინა ხელისუფლების დროს შეძენილი ვერტმფრენის - „სუპერ პუმას“ გაყიდვა და სანაცვლოდ ახალი ვერტმფრენების შეძენა, რომელთა გამოყენებაც სხვადასხვა ოპერაციებში, მათ შორის სამაშველო ოპერაციებში იქნება შესაძლებელი.

„გომელაურის უწყება მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი არის აბსოლუტურად გამართული, კარგად მდგომარეობაში, გვქონდა ამის თაობაზე განხილვა. სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ასე ვთქვათ ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც შეძენილია წინა მთავრობის დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის და რამდენიმე ათეული მილიონი ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში. ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ ამ ვერტმფრენით არავინ ისარგებლა. სპეკულაცია, რომ თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, არის ტყუილი. გვქონდა განხილვა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენს მის გამომშვებ ქარხანას გადავცემთ უკან, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ, ჩვენ 3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სხვადასხვა ოპერაციებისთვის, მათ შორის სამაშველო ოპერაციებისთვის“, - აცხადებს პრემიერი.