1774295087
სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეებში ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას, შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად - არა - შალვა პაპუაშვილი
როგორ შეიძლება, ეკლესიის მმართველებს ეგზარქოსი უწოდო და იმ რიგში იდგე? როგორ შეიძლება, პატრიარქს პრორუსი უწოდო და იმ რიგში იდგე? როგორ შეიძლება, ეკლესიას ბნელი უწოდო და იმ რიგში იდგე? ეს არის ხალხი, რომელმაც „ენა, მამული, სარწმუნოებიდან“ სარწმუნოება ამოიღო და სხვა სიტყვა ჩასვა. ისიც ვერ მოითმინეს, რამდენიმე დღე გაჩუმებულიყვნენ. ამ დღეებშიც იმავეს იმეორებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „თქვენ თქვით, პროტესტში მყოფი ადამიანები სულიერად დაცემულები არიანო. ფიქრობთ, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ვინც რიგში იდგა, იმ ხალხს შორის არ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში რაიმე მოვლენას აპროტესტებენ?“, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა:
„როგორ შეიძლება, გვარამია ყოფილიყო რიგში? მათ ერთი იდეოლოგია აქვთ. როგორ შეიძლება, ის ადამიანები მდგარიყვნენ რიგში, რომელთაც გახსოვთ, სამების ეკლესიის ხატზე რა პანიკა მოაწყვეს ეკლესიის წინააღმდეგ, კანდელაკის და მათი თანამოაზრეების ხელით. მაშინ, ერთი მწუხარე განცხადება მოისმინეთ? „ენჯეოები“, რომლებიც წლების განმავლობაში დაკავებული იყვნენ ქართული ეკლესიის, პატრიარქისა და მისი თანამოსაყდრის დისკრედიტაციით, როგორ შეიძლება, ისინი ამ რიგში გვეხილა? რა თქმა უნდა, იქ არ და ვერ იქნებოდნენ. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს შეეწინააღმდეგონ, როცა ეკლესიის ლანძღვით არიან დაკავებული. კითხვა გიჩნდებათ, რატომ ვამბობთ, რომ ქართველობადაკარგულები არიან? იქ ვიყავით მრევლის წევრები, მაგრამ ასევე, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები. იქ ვიყავით არა მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები, არამედ მთლიანად პარლამენტი, უმრავლესობაც და ოპოზიციაც. ყველა იყო მიწვეული, რადგან ეს იყო ქართველი ხალხის წარმომადგენლობა. ისევე როგორც იქ ელჩები იყვნენ არა როგორც ინდივიდუალური პირები, არამედ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებად. საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას ზურგი აქციეს და ახლა ფარისევლობაა იმაზე წუწუნი, სად იყვნენ და სად – არა. ისინი იყვნენ პარლამენტის წევრები და მანდატები დახიეს. პარლამენტის წევრობა ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა მომენტში წარმომადგენლობას გულისხმობს. პარლამენტში ყოფილიყვნენ და რა თქმა უნდა, იქნებოდნენ წარმოდგენილი, მათ შორის წირვის დროს.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ფარისევლობის პიკია, რასაც ამ ადამიანისგან ვხედავთ. ადამიანი, რომელიც სიტყვებს არ იშურებს, რათა ეკლესიას თავს დაესხას, გლოვის დღეებში ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას. მან თქვა, თითქოს მსოფლიო პატრიარქს სურდა წირვის ჩატარება და ქართულმა ეკლესიამ უარი უთხრა. ეს აბსოლუტური ტყუილია, დადასტურებული ტყუილია. სალომე ზურაბიშვილმა მძიმე გლოვისას ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას, შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად – არა. ეს ადამიანი ყოველდღე საშუალებას არ უშვებდა ხელიდან, თავს დასხმოდა ქართულ ეკლესიას, მის ხელმძღვანელებს, ეპისკოპოსებს და მათ, ვინც ამ დღეებში გადაწყვეტილებებს იღებდა. ამ ადამიანმა ისიც არ იცის, რომ კვირაობით ყველა ეკლესიაში წირვა ტარდება. იმ თავდასხმების შემდეგ, რაც გლოვის დროს სალომე ზურაბიშვილმა იკადრა ეკლესიის წინააღმდეგ, როდესაც ცილი დასწამა ეკლესიას, კითხვები რომ უჩნდება, სად იდგა და სად – არა, ეს მის არაადეკვატურობას აჩვენებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.











