ბანკის ძარცვა კნუტთან ერთად - რა მოხდა აშშ-ში

კნუტი

აშშ-ის მერილენდის შტატში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელსაც კატის მოპარვასა და ბანკის ძარცვის მცდელობაში ედავებიან. 

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ბანკის ძარცვამდე შინაური ცხოველების მაღაზიიდან 3,5 თვის კნუტი, სახელად მაგნოლია, მოიპარა.

მაღაზიის თანამშრომლების თქმით, მამაკაცი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე მიდიოდა იქ და განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ამ კნუტს აქცევდა. საბოლოოდ, მან კატების გასაშვილებელ სივრცეში გასაღების გამოყენებით შეაღწია და მაგნოლია წაიყვანა.

მამაკაცი კნუტთან ერთად ქუჩის გადაღმა მდებარე ბანკში შევიდა. ცხოველი ბანკის მენეჯერს ჩააბარა, თავად კი ბანკის თანამშრომელს თანხის გადაცემას წერილობით სთხოვდა.

თუმცა ძარცვა წარუმატებლად დასრულდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, ხოლო კნუტი უსაფრთხოდ იპოვეს ბანკის მენეჯერის კაბინეტში. სამართალდამცველების განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.