სალომე ზურაბიშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სატელეფონო საუბრისას საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს - გერმანიის პრეზიდენტის პრესსპიკერი

სალომე ზურაბიშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბრისას საკუთარი მოსაზრებები გაცვალეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში გერმანიის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერსტინ გამელინი წერს.

სერსტინ გამელინის ცნობით, ფედერალურმა პრეზიდენტმა დაგმო ძალადობა პროევროპელი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სამოქალაქო საზოგადოებას ევროპის სოლიდარობა გამოუცხადა.

„საქართველოს მთავრობა არღვევს ევროპულ გზას, რომელიც საქართველომ თავად გაწერა საკუთარ კონსიტუციაში. ევროპა გაატარებს შესაბამის ზომებს მთავრობასთან ურთიერთობაში, თუმცა რჩება ღია მშვიდობიანი მოსახლეობის ევროპული იმედების მიმართ“, – განაცხადა გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას, რომლის სიტყვებსაც მისი პრესმდივანი სერსტინ გამელინი ავრცელებს.