სალომე ზურაბიშვილი ტოვებს პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას. მან კონსტიტუციური პრინციპის დარღვევით გააჩინა არასწორი აღქმა პრეზიდენტის კომპეტენციებთან დაკავშირებით - მამუკა მდინარაძე

მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილი ტოვებს პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანი მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა თუ რა მემკვიდრეობას ტოვებს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა, პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი არასწორი აღქმები დატოვა.

„როდესაც კრიტიკას მიმართავენ ხოლმე, კრიტიკის საფუძვლებშივე ჩანს, რომ წინა პრეზიდენტებმა საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ საპარლამენტო რესპუბლიკაში არასწორი აღქმები გააჩინეს. მაგალითად, ჩვენ გვესმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეო მიმართულება როგორ უნდა წარმოადგინოს ყაველაშვილმა ან ჯარის მიმართულება, მთავარსარდალი როგორ უნდა იყოს. ჯერ ერთი, ყველაფერი შეუძლია იყოს მისი პიროვნული და პროფესიონალური თვისებებიდან გამომდინარე. მაგრამ საერთოდ არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება პრეზიდენტის საქმე. ანუ აქ იგულისხმება ის, რომ საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი და განახორციელებს, აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს და იქნება წარმომადგენელი, როდესაც ამის სპეციალურ ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობა. ამ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევით სალომე ზურაბიშვილმა გააჩინა არასწორი აღქმა და არასწორი სტერეოტიპი თითქოს პრეზიდენტის საქმეა ეს.

მეორე, როდესაც საუბრობენ მთავარსარდალზე, მიხეილ ყაველაშვილი მშვენიერი მთავარსარდალი იქნება მაგრამ ესეც აღქმულია თითქოს ჯარს უნდა უხელმძღვანელოს. იმდენად სიმბოლურია ეს კომპეტენცია პრეზიდენტის, რომ მას არ სჭირდება სპეციალური ცოდნა ჯარის შენაერთების გადაადგილების თუ სამხედრო ოპერატიული ტაქტიკის შესახებ. ანუ ეს აღქმები სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წინამორბედმა იმდენად არასწორად გააჩინეს, რომ ახლა კრიტიკაც კი ჯერ კიდევ კანდიდატისა არის არასწორი, რადგან არც ერთი და არც მეორე არ არის კომპეტენციის შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მედიის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძეს პრეზიდენტის სასახლის დატოვებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზეც ჰკითხა. მისი თქმით, ამ შემთვევაში ეს იქნება ჩადენილი დანაშაული რიგითი მოქალაქის მხრიდან.

„ანუ თქვენ რას მეკითხებით, რომ მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი გამაგრდება პრეზიდენტის სასახლეში და ჩაიდენს დანაშაულს?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.