სალომე ზურაბიშვილი ჯერ ევროკავშირს სთხოვდა საქართველოს დასჯას, ახლა - აშშ-ს. ზურაბიშვილს შევახსენებ, რომ საქართველო ვინმეს მეორეხარისხოვანი პარტნიორი ქვეყანა კი არ არის, არამედ სტრატეგიული ბურჯია რეგიონში - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ჯერ ევროკავშირს სთხოვდა საქართველოს დასჯას, ახლა აშშ-ს სთხოვს იმავეს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ თურმე, საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ მხოლოდ 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

„ამ განცხადებებიდან, სინამდვილეში კარგად ჩანს, როგორ სძულს მაკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატს საქართველო და ქართველი ხალხი, რომ პატარა ქვეყნებს და ერებს, მისი აზრით, აქვთ ნაკლები უფლებები და ისინი “დიდი ქვეყნების” ჭკუაზე უნდა დადიოდნენ. სწორედ ეს არის იმპერიალისტური, ბოლშევიკურ-ფაშისტური ხედვა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თანამედროვე საერთაშორისო სამართალთან, მიდგომებთან და პრინციპებთან.

ზურაბიშვილს შევახსენებ, რომ საქართველო ვინმეს მეორეხარისხოვანი პარტნიორი ქვეყანა კი არ არის, არამედ სტრატეგიული ბურჯია რეგიონში, რომელიც უძლებს მრავალ გამოწვევას უსაფრთხოებისა და თავისუფლების გზაზე.
საქართველოს სიძლიერე მის სუვერენიტეტში, ღირებულებებში და სტრატეგიულ მდებარეობაშია და მოსახლეობის რაოდენობაზე აპელირება არის პირდაპირი მტრობა, როგორც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღის, ასევე, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის. ნებისმიერი ქვეყნის და ერის ღირსება ეფუძნება სწორ ფასეულობებს, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და არა ტერიტორიების კვადრატულ მეტრებსა, თუ მოსახლეობის რაოდენობებს.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც რცხვენოდა, რომ საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს“, - წერს რატი იონათამიშვილი.