სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობენ, საქართველოს ქარავანი კი წინ მიდის - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობენ, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ, ეს არის ნაწილი უბრალოდ ექსტრემიზმის შემოტანისა ქართულ საზოგადოებაში, რასაც ჩვენ ჭარბად ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დღეს გარედან მართული პროცესები მიმდინარეობს.

„ჩვენ ვნახეთ საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, რომ მაიდანის სცენარზე გადართულიყვნენ. შეგახსენებთ, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც არ მოეწონა რაღაც, მაშინ მშვიდი ვითარება იყო, პირდაპირ შეგვახსენა, რომ მაიდანის სცენარის გათამაშება იქნებოდა კარგი. შემდეგ ვნახეთ, როგორ გადაეწყვნენ მაიდანის სცენარზე, როგორ დაასაწყობეს მაშხალები, როგორ ჩამოასხეს მოლოტოვის კოქტეილები და როგორ ძალადობდნენ პოლიციელებზე, თავს ესხმოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას. ასე რომ, ეს არის ნაწილი იმ შეუმდგარი მაიდანისა, რომელსაც დიდი ხანია, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საბაბით ცდილობდნენ, რომ საქართველოში განეხორციელებინათ. ერთ ფაქტორს ვერ ითვალისწინებენ ამ ყველაფერში, ვერ ითვალისწინებენ საქართველოს საზოგადოებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მის დამოკიდებულებას იმ ხალხის მიმართ, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყანა არიოს. ამიტომ, ყოველ ჯერზე მარცხდებოდნენ ქართულ საზოგადოებასთან ჩვენი შიდა, თუ გარე არაკეთილმოსურნეები და ამ ჯერზეც ისინი მარცხდებიან ზუსტად ქართულ საზოგადოებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.