სახელმწიფო არ მისცემთ მათ იმის უფლებას, რომ რაღაც რევოლუციური სცენარი მოაწყონ - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

გახდება თუ არა უსაფრთხოების სამსახურის გუშინდელი განცხადება სისხლის სამართლის ახალი საქმის დაწყების წინაპირობა, ჯერ უცნობია. საუბარია სუსის განცხადებაზე, სადაც უწყება საზღვარგარეთიდან წამოსული დაფინანსებით ოპოზიციის მიერ საქართველოს ე.წ. მაიდანიზაციასა და დესტაბილიზაციის გეგმაზე ამახვილებს ყურადღებას.

ოპოზიცია სუსის განცხადებას აბსურდად და ცინიზმად მიიჩნევს. მათი თქმით, თუ ხელისუფლებას ქვეყანაში სიმშვიდე სურს - გაიწვიონ რეზონანსული კანონი.

"სუს-ი არის სისულელით დაკავებული. ჩვენი გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, მომიტინგეები უზადოდ კარგად იქცევიან, მადლობა მინდა ყველას ვუთხრა. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ამას მივაღწევთ,“ - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

სპეცსამსახურის ინფორმაციას, მმართველი გუნდი ოპოზიციის რეალური სურვილების მორიგ გამჟღავნებად აფასებს.

"უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რა თქმა უნდა, კარგი და აუცილებელია, მაგრამ მგონი აქ ნათქვამი თითოეული სიტყვა დასტურდება რადიკალური ოპოზიციისა და მათი პატრონების განცხადებებში, ისინი არც მალავენ, რომ უნდათ დაპირისპირება. სახელმწიფო არ მისცემთ მათ იმის უფლებას, რომ რაღაც რევოლუციური სცენარი მოაწყონ,“ - აცხადებს "ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.