სახე აქვთ დაკარგული და სრულ უიმედობაში არიან გადასულები, არც ვიცით, შეგვეცოდონ თუ გავბრაზდეთ - ნინო წილოსანი ოპოზიციაზე

ნინო წილოსანი

უკვე მეორე წელია, ჩვენი ამომრჩეველი დიდი პატრიოტიზმით, ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით დაჟინებული, პრინციპულ არჩევანს აკეთებს და ამბობს, როგორი ქვეყანა უნდა. ფაქტია, რომ ჩვენ ამ არჩევნებს ერთად ვიგებთ, - განაცხადა ნინო წილოსანმა გადაცემაში "იმედი LIVE".

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მაღალ შედეგს ელოდებოდა, თუმცა საბოლოო მონაცემებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

წილოსანმა თბილისში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მოვლენების ძალადობრივი განვითარება სრულიად მოსალოდნელი იყო.

"ძალიან მოსალოდნელი იყო, რომ 8 საათისთვის, როდესაც არჩევნების შედეგები უნდა გამოცხადებულიყო, ისინი ყველანაირად დაძაბავდნენ პროცესს, რომ გადაეფარათ ის დიდი გამარჯვება, რომელიც ქართველ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ჰქონდა და, რა თქმა უნდა, სცენები ისე განვითარდა, როგორც მათ ჰქონდათ ჩაფიქრებული და როგორც მეტ-ნაკლებად მოლოდინი გვქონდა. ასეთი უგუნურები რომ არ იყვნენ და ასეთ სიგიჟეს რომ არ ვუყურებდეთ, შეიძლება უფრო მეტად გაბრაზებულიყო ადამიანი, თუმცა ვხედავთ, როგორ უგონოდ იქცევიან. სახე აქვთ დაკარგული და სრულ უიმედობაში არიან გადასულები. აქედან გამომდინარე, არც ვიცით, შეგვეცოდონ თუ გავბრაზდეთ. მაგრამ რეალურად, სახელმწიფომ და კანონმა უნდა გასცეს პასუხი მათ ქმედებებს. თითოეულ წინადადებას, რომელსაც აქციის განმავლობაში ამბობდნენ, თითოეულ მოქმედებას, რომელსაც ახორციელებდნენ, ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო შინაარსი. ეს იყო ხელისუფლების დამხობის მოწოდებები. რა თქმა უნდა, თითოეული, ვინც მონაწილეობდა ამ ქმედებებში არის ამ დანაშაულის მონაწილე. მათ შორის, მურთაზ ზოდელავამ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ის იყო, ვინც შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში. ის თავად იყო ამ პროცესის მონაწილე და სხვებს ახალისებდა, რომ მისი ზურგი გაემაგრებინათ“, - განაცხადა წილოსანმა.

ის მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას და ამ განცხადებას „უპასუხისმგებლობას“ უწოდებს.

„თავიანთ მოკავშირე სალომე ზურაბიშვილისთვის ეკითხათ, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილიც კი განუდგა იმ სიგიჟეს, რომელიც მათ მოაწყვეს. რომელი ქართველი ხალხის გვერდით დგანან ეს ადამიანები?“ - ამბობს წილოსანი.