სახალხო დამცველის აპარატმა, საპროტესტო აქციებზე დაკავებული 125 პირი მოინახულა

ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის აპარატმა, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციებზე დაკავებული 125 პირი მოინახულა. საუბარია სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ქალაქში დაკავებულ მოქალაქეებზე. ომბუდსმენის ოფისი განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ 30 ნოემბერს დაკავებული 44 პირიდან 38-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა. 26 დაკავებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა, უმეტესად ეს იყო ხილული და სახის არეში.

"საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. დაკავებულთა ნაწილის გადმოცემით, ისინი ალყაში მოაქციეს, არ აძლევდნენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც სამართალდამცავები განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებულების ნაწილის თქმით, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ არამხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ, შემდგომშიც - ავტომობილში ყოფნის დროს," - ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველი აპარატი აქვე აღნიშნავს, რომ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაკავებულის შესახებ, მასალებს აწვდის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.