ცაში ცვლილებები ხდება, მალე ის სხვანაირი გახდება - კვლევა
1740399240
საქართველოს სახალხო დამცველი დასავლეთ საქართველოში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს გურიაში სტიქიურ მოვლენების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო.
ამასთან, ლევან იოსელიანის თქმით, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივი ძალისხმევით უნდა ატარებდეს შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების დროს.
„უპირველესად, საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს გურიაში სტიქიურ მოვლენების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ამ დრომდე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება გურიის რეგიონში სოფლების გარე სამყაროსთან მოწყვეტისა და მოქალაქეების, მათ შორის, ხანდაზმულებისა და ბავშვების, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩენის (ელექტროენერგიის შეწყვეტის, საკვების მარაგის ამოწურვის, საცხოვრებელი სახლების ნგრევის/ნგრევის რისკების), ასევე, დაშავებული მოქალაქის თაობაზე. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთობლივი ძალისხმევით და სათანადო რესურსების გამოყენებით უნდა ატარებდეს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, ქონების დაცვის მიზნით. გურიასა და სხვა რეგიონებში დიდთოვლობით გამოწვეულმა მძიმე პრობლემებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა, რაც, პირველ რიგში, საგანგებო სიტუაციების მართვას, საფრთხეების იდენტიფიცირებას და მუნიციპალიტეტებში დამახასიათებელი რისკების გათვალისწინებით, შესაბამისი რისკების მართვის გეგმებს უკავშირდება. აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დაცვის ინტერესებს და მათ დაცვაზე საქართველოს სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში განაგრძობს ზედამხედველობას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.