1759955191
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2007 წლის 15 ოქტომბერს ქ.ლუქსემბურგში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმის შესახებ იმსჯელა.
სარატიფიკაციო დოკუმენტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა.
შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის საქონლისა და მომსახურების გაცვლას, ასევე კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილებას საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეშვეობით. იგი ასევე ითვალისწინებს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების აღკვეთის შესახებ დებულებებს.
დოკუმენტის თანახმად, ცვლილებები შედის შეთანხმების 27-ე მუხლში, რომლის მიზანია შეთანხმება შესაბამისობაში მოვიდეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო კონვენციის ახალ რედაქციასთან.
„ცვლილებები არსებითად შეეხება ინფორმაციის გაცვლის მუხლს, რომელიც სრულად ახალი რედაქციით ყალიბდება. კერძოდ, მონაცემების გაცვლა შესაძლებელი ხდება როგორც მოთხოვნის საფუძველზე ასევე, ზოგ შემთხვევაში, ავტომატურადაც. აღარ შეიძლება ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმა მხოლოდ საბანკო ამ კომერციული საიდუმლოების საფუძველზე. ცვლილებები მნიშვნელოვნად ზრდის ნდობას ხელშემკვრელ საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის და შემოაქვს ეფექტიანი ინსტრუმენტები დარღვევების გამოვლენისა და პრევენციისათვის“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე განმარტებით, საქართველო 2024 წლიდან უცვლის ინფორმაციას 57 ქვეყანას და მათ შორის ლუქსემბურგსაც.