ტრამპი აცხადებს, რომ ღაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესის ფონზე, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავროს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესის ფონზე, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავროს. ტრამპმა განაცხადა, რომ თუ რეგიონში გაემგზავრება, ეს მოხდება შაბათს, ან კვირას, თუმცა ტრამპმა არ დაასახელა, კონკრეტულად რომელ ქვეყანას შეიძლება ეწვიოს.

„ისინი ძალიან კარგად მუშაობენ. იქ ჩვენი შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი მომლაპარაკებლები და, სამწუხაროდ, მეორე მხარესაც შესანიშნავი მომლაპარაკებლები არიან. ვფიქრობ, ეს ისეთი რამაა, რაც ჩემი აზრით, მოხდება. დიდი შანსია, რომ მოხდეს. შეიძლება იქ კვირის ბოლოს, შესაძლოა, კვირას ჩავიდე. დიდი შანსია, რომ მოლაპარაკებები ძალიან კარგად წარიმართოს”,- განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, დღეს ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში, გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი. შეხვედრების მიზანი დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობაა.