საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მისი ინფორმაციით, გასული წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, თუმცა მშპ-ს რეალურმა ზრდამ 7,5% შეადგინა და 80,246.1 მლნ ლარით განისაზღვრა.

ეკონომიკური ზრდის პარალელურად, შემცირებულია ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი, რომელმაც საბოლოოდ 2,5% შეადგინა.
„ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი გავლენა ჰქონდა საგარეო სექტორს. გასულ წელს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ ჯამში, 21,604.6 მლნ. დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტის მაჩვენებელი იყო 6 მლრდ 090.6 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი კი 15,514.0 მლნ აშშ დოლარი“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მლრდ 125.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17,3%-ით მეტია 2022 წლის მონაცემთან შედარებით.

ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შემოსულობები შესრულდა გადაჭარბებით 102,2%-ით, რამაც 22 124 175.5 ლარი შეადგინა. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლებია 19 მლრდ 732 მლნ ლარი და შესრულების მაჩვენებელი არის 101,7%. რაც შეეხება ხარჯვითი ნაწილს, შესრულების მაჩვენებელი არის 100,2%.
მომხსენებელმა დეპუტატებს უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებიც გააცნო და აღნიშნა, რომ თითქმის ყველა სამინისტროს მაჩვენებელი არის 98%-99% და რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო მაღალი.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოხდა 188.7 მილიონი ლარის ათვისება. გასულ წელს იყო სავალუტო კურსის გამყარება, რამაც გარკვეული ეკონომიები წარმოშვა სამინისტროს ასიგნებებში. ეკონომიების ნაწილი გამოყენებული იქნა საელჩოებში და დიპლომატიურ დაწესებულებებში მივლინების ხარჯების გასაზრდელად და გარდა ამისა, მოხერხდა 2 საელჩოს შენობის შესყიდვა. ჩვენ გავაგრძელებთ პრიორიტეტულ ქვეყნებში საელჩოს შენობების შესყიდვას“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მან დეპუტატებს 2024-2028 წლების ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებიც გააცნო.

„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება არის შთამბეჭდავი, ბოლო წლებში გვქონდა ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი და იმედია, რომ ეს ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.