საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს

საგარეო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს.

ქალაქ ხაშურის წყალარინების სისტემის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს სესხის სახით 30 მლნ. ევროს გამოუყოფს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა სხდომაზე ისაუბრა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებაზე (ქალაქ ხაშურის წყალარინების სისტემის მომსახურების გაუმჯობესება)“.

„დამატებითი თანხებით შესაძლებელი გახდება დამატებითი სამუშაოების განხორციელება მთელი ხაშურის მასშტაბით, რომელიც უშუალოდ სანირების სისტემის მოწყობას ეხება“, - განაცხადა მომხსენებელმა.

სესხის მოცულობა 30 მილიონი ევროა. ხანგრძლივობა 20 წელი, შეღავათიანი პერიოდი 5 წელი. სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადა 2029 წლის 30 ივნისია.

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება)“ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. საკითხი საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურის პროექტების ფარგლებში კვლევების განხორციელებას ეხება. მომხსენებლის ინფორმაციით, პირველი ტრანშით მოხდება თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის საჭირო კვლევების დაფინანსება. მისი განმარტებით, ჯამური თანხა შეადგენს 13 მლნ 535 ათასი ევროს ოდენობით ხუთწლიან სესხს.

კომიტეტის წევრებმა „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“) განიხილეს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, ცვლილება ითვალისწინებს სესხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევას 2028 წლის 31 დეკემბრამდე.

„ვადის გადაწევის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ მზადდებოდა პროექტები თუ რისი განხორციელება შეიძლებოდა ამ სესხის ფარგლებში. ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ შემდეგი გზის მონაკვეთები: რუსთავი-ალგეთი; ალგეთი-წითელი ხიდი; ალგეთი-არაფლო; არაფლო - სადახლოს მონაკვეთები“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი განმარტებით, სესხის ოდენობა შეადგენს 250 მლნ. ევროს არაუმეტეს 30 წლის ვადით, საიდანაც 7 წელი შეღავათიანი პერიოდია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ხდება სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრებამდე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომიტეტის სხდომაზე საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) (1999 წლის 3 ივნისის ცვლილებების ოქმის ტექსტის თანახმად)“ 2015 წლის AG 12/NOT/Add.1 და 2018 წლის NOT-18001-Ad.1 ცვლილებები“ განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარადგინა.

„აღნიშნული კონვენციის მთავარი იურიდიული დოკუმენტი არის კოტიფი, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის საქმიანობაზე და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობას. ის კონვენციის ძირითად ტექსტთან ერთად მოიცავს შვიდ დანართს, რომელიც არეგულირებს სარკინიგზო ტრანსპორტის სამართლებრივ ნორმებს, ტექნიკურ მოთხოვნებზე და სხვადასხვა ხელშეკრულებებს“, - განმარტა მომხსენებელმა.

კომიტეტის წევრებს ნიკოლოზ სამხარაძემ „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი გააცნო.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.