საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს მიმართ კრიტიკა ხშირად სუბიექტურ ინტერესებს უკავშირდებოდა

მაკა ბოჭორიშვილი

„ეს არის ცხადი გამოვლინება იმისა, რომ საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, არსებობდა საქართველოს ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის ინტერესი და საქართველოს წინააღმდეგ შეტევების განხორციელების სურვილი. ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ეს არის ცხადი.“  - განაცხადა  საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან საუბრისას.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათთან დაკავშირებულ კრიტიკაზე.

"მაშინაც ვხედავდით, რომ ის, რაც დასაშვები იყო სხვა ქვეყნებისთვის, მიუღებელი იყო საქართველოს შემთხვევაში. იყვნენ აქტორები, რომელთათვისაც საქართველოს მიერ სუვერენული უფლებების განხორციელება პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ ვნახეთ, რომ კანონების მიღების გამო გაკრიტიკდა საქართველო. ლეგიტიმური ხელისუფლებისა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონები კრიტიკის საფუძველი გახდა მაშინ, როდესაც ეს კანონები სწორედ საქართველოს ინტერესებიდან, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან და ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.“ - აღნიშნა მინისტრმა.