„საბოლოო ჯამში, იმის გამო, რომ ქვეყანა არ ჩაერთო ომში, დაისაჯა მათ შორის ევროინტეგრაციის გაყინვით, ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა“ - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

"სიტუაცია არსებითად იცვლება უკრაინაში ომის დაწყებისას, როდესაც დასავლეთში ზოგიერთმა ჯგუფებმა ჩათვალეს, რომ მათთვის მომგებიანი იქნებოდა და სარგებელს მიიღებდნენ, თუ საქართველოც დაძაბავდა ურთიერთობებს რუსეთთან" – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "დებატები" საუბრობს.

ლევან მახაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში, დაისაჯა ის, მათ შორის, ევროინტეგრაციის გაყინვით.

"ჩვენ მრავალი წელი წარმატებით ვნერგავდით ევროკავშირის კანონმდებლობას და სრულიად სამართლიანად, ჩვენ ვიყავით ბევრად წინ, ვიდრე სხვა ქვეყნები. იყო სიტუაცია, როდესაც მოლდოვა და უკრაინა გვაფერხებდა, წლები ვუცდიდით ხოლმე იმას, რომ მოლდოველები და უკრაინელები დაგვწეოდნენ. მაგრამ, სიტუაცია არსებითად იცვლება, უკრაინაში ომის დაწყებისას, როდესაც ზოგიერთმა ჯგუფებმა დასავლეთში ჩათვალეს, რომ მათთვის მომგებიანი იქნებოდა და სარგებელს მიიღებდნენ, თუ საქართველოც დაძაბავდა ურთიერთობებს რუსეთთან. მე ვიღაცის მონაყოლს არ ვამბობ, მე თვითონ ვიყავი მონაწილე ამ დისკუსიების, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ვიყავი და პარლამენტის თავმჯდომარესთან ამ დისკუსიებს შესწრებული ვარ. ბატონ შალვასაც საჯაროდ აქვს ნათქვამი.

ომის დაწყების დღეებში, 24 თებერვალი, როცა ომი დაიწყო, 26 თებერვალი, 27, 28 თებერვალი, ელჩი ელჩზე მოდიოდნენ და სწორედ ეს მოთხოვნები იყო, რომ დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები, რაც პირდაპირ ეკონომიკური ომის გამოცხადება იყო რუსეთისადმი. საბოლოო ჯამში, ეს გულისხმობდა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას. ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, უარი განვაცხადეთ, არ იყო ეს ქვეყნის ინტერესი და საბოლოო ჯამში, იმის გამო, რომ ქვეყანა არ ჩაერთო ომში, დაისაჯა ქვეყანა, მათ შორის, ევროინტეგრაციის გაყინვით. ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა. კანონები არის საბაბი მხოლოდ და მხოლოდ, საგარეო პოლიტიკაზე კრიტიკა არის საბაბი. როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ ევრობიუროკრატებს, ჩვენ ბიუროკრატია კი არ გვაწუხებს, მათი საქართველოსადმი უსამართლო და ორმაგი სტანდარტი გვაწუხებს. ამის გამო ვაკრიტიკებთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლების," - აცხადებს ლევან მახაშვილი.