საარჩევნო უბნები გაიხსნა - რა უნდა იცოდეთ, ელექტრონული არჩევნების შესახებ

ცესკო

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება - ამომრჩეველთა უმეტესობა ხმას ელექტრონული წესით მისცემს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი, არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მონაწილეობს.

ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი გაიხსნა, აქედან საქართველოში - 3 044, საზღვარგარეთ - 67.
არჩევნებში მონაწილეობას 135 922 ახალგაზრდა პირველად მიიღებს.
გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა.
სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.
ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდება.

თუ საღამოს რვა საათზე ისევ რიგში იდგებით, ხმის მიცემა მაინც შეგეძლებათ. ამისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.

რა პროცედურებს გადის ამომრჩეველი უბანზე

კენჭისყრის ოთახში შესვლისას ბოლო არაერთი არჩევნების მსგავსად მარკირების შემოწმების პროცედურა უნდა გაიაროთ. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვთ, თუ უკვე მარკირებული არ იქნებით. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში შეგიშვებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარადგენთ პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამასთან, ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ უნდა იმყოფებოდეს.

როგორ გაივლით რეგისტრაციას

ამომრჩეველთა იდენტიფიცირება ელექტრონული აპარატების გამოყენებით ხდება. საარჩევნო უბანზე მისვლისას რეგისტრატორი თქვენს მონაცემებს ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატით გადაამოწმებს. ცესკოს ინფორმაციით, ვერიფიკაციის აპარატში მხოლოდ იმ კონკრეტული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სია იქნება ჩატვირთული. ორმაგი ვერიფიკაციის მცდელობისას აპარატი გამოსცემს ხმას და ოპერაციას არ შეასრულებს. 

როგორი იქნება უშუალოდ კენჭისყრის პროცედურა

ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლისას გადის მარკირების შემოწმების პროცედურას;

ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან პასპორტს;
რეგისტრატორი ამომრჩევლის მონაცემებს ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატით გადაამოწმებს, ვერიფიკაციის შემდეგ აპარატიდან ამოიბეჭდება სპეციალური ქვითარი, რომელზე ხელის მოწერითაც ამომრჩეველი ადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას. ქვითარი რჩება რეგისტრატორთან. 
მარკირების პროცედურის გავლის შემდეგ ამომრჩეველს გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური ჩარჩო-კონვერტი. ბიულეტენის გადაცემისას რეგისტრატორი ამომრჩეველს აუხსნის ხმის მიცემის წესს. იმისთვის, რომ ამომრჩეველმა უკეთ დაიმახსოვროს, რეგისტრატორი მას საცდელ (სავარჯიშო) წრეს გააფერადებინებს;
ამომრჩეველი ფარული კენჭისყრის კაბინაში აკეთებს არჩევანს - ბიულეტენზე აფერადებს სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებულ წრეს, რის შემდეგაც ბიულეტენს ათავსებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში არჩევანის ფარულობის უზრუნველსაყოფად;
სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენს
ათავსებს ხმის მთვლელ აპარატში.
ელოდება, სანამ აპარატი ბიულეტენს მიიღებს და ეკრანზე გამოჩნდება წარწერა, რომ მისი ხმა მიღებულია.

როგორი იქნება საარჩევნო ბიულეტენი

სიახლე, რომელიც ამომრჩეველს ელექტრონულ საარჩევნო უბანზე დახვდება, ახალი სახის ბიულეტენია. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ამ შემთხვევაში კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი საარჩევნო სუბიექტის ნომერი, არამედ გააფერადოს პარტიის წინ არსებული წრე.

სიახლეა ბიულეტენზე დატანილი სპეციალური შტრიხკოდი და QR-კოდი. საარჩევნო კომისიის მტკიცებით, თითოეული უბნისთვის განკუთვნილი კონკრეტული ბიულეტენის გამოყენება შეუძლებელია სხვა უბანზე, რადგანაც QR კოდში გაწერილია უბნის, ოლქისა და კონკრეტული არჩევნების ID. შესაბამისად, QR კოდის არსებობა უზრუნველყოფს ბიულეტენის დაცულობას და საზღვრავს თუ რომელი უბნისთვისაა განკუთვნილი ესა თუ ის ბიულეტენი.

ვის ირჩევთ

ბიულეტენში 18 პოლიტიკური სუბიექტი დაგხვდებათ.  სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოთ ან მონიშნოთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.

გაბათილდება ბიულეტენი თუ:

გაფერადებულია/მონიშნულია ნებისმიერი ფორმით ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე;
არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.

საარჩევნო ელექტრონული აპარატები ინტერნეტს უკავშირდება თუ არა
ცესკოს ინფორმაციით, ელექტრონული აპარატები - ხმის მიცემისა და ხმის დათვლის ოპტიკური სკანერები (Poll Count Optical Scanners (PCOS)) და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები (VIU) არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად, მათი მტკიცებით, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. ამასთან, ეს ორი აპარატი ერთმანეთთანაც არ არის ქსელურადაც დაკავშირებული.

ერთადერთი ელექტრონული აპარატი, რომელიც ჩართულია (პრივატულ) ინტერნეტ ქსელში, პლანშეტია. სწორედ პლანშეტით გადაეცემა საარჩევნო უბნიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შედეგები. საარჩევნო კომისიის მტკიცებით, კავშირი სრულიად დაცულია და ამ ქსელით პლანშეტი მხოლოდ ცესკოს სერვერს უკავშირდება - შემაჯამებელი ოქმების დასურათება, მონაცემების სკანირება და ცენტრალურ სერვერზე გადაგზავნა სწორედ პლანშეტებით მოხდება.

როგორ იქნება დაცული ხმის მიცემის ფარულობა
ცესკოს ცნობით, ელექტრონული აპარატის გამოყენებით ხმის მიცემისას უზრუნველყოფილი და დაცულია ფარულობა. ახალი სახის ბიულეტენთან ერთად საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს დახვდება სპეციალური ჩარჩო - კონვერტი, რომელიც უზრუნველყოფს ხმის ფარულობის დაცვას - ამომრჩეველმა ბიულეტენი გადაუკეცავად, ამობრუნებული ფორმით უნდა მოათავსოს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში, შემდეგ კი ხმის დათვლის აპარატში (ხმის მიცემისა და ხმის დათვლის ოპტიკურ სკანერში (Poll Count Optical Scanners (PCOS)). შესაბამისად, შეუძლებელია, უბანზე ვინმემ შეძლოს იდენტიფიცირება, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

ამასთან, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი (VIU) ამუშავებს და ინახავს ამომრჩეველთა იმ პერსონალურ მონაცემებს, რაც აუცილებელია მხოლოდ ხმის მიცემის პროცესისთვის. ხოლო ხმის მთვლელი აპარატი არ ამუშავებს და არ ინახავს ამომრჩეველთა პერსონალურ ინფორმაციას. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება ამომრჩევლის დაკავშირება მის მიერ მიცემულ ხმასთან.

რა მოხდება, თუ საარჩევნო უბანზე რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოვა
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება კენჭისყრა.

თუ ვერიფიკაციის ერთი აპარატი მწყობრიდან გამოვა, შემცირდება რეგისტრატორთა რაოდენობა, მოიხსნება მწყობრიდან გამოსული აპარატი და ვერიფიკაცია გაგრძელდება მეორე აპარატის გამოყენებით.

იმ შემთხვევაში, თუ ყველა აპარატი გამოვა მწყობრიდან, საარჩევნო უბანზე დალუქულ მდგომარეობაში იქნება ამომრჩეველთა სამაგიდო სიები და ტრადიციული წესით გაგრძელდება კენჭისყრის პროცესი.

რაც შეეხება ხმის მიცემისა და დათვლის აპარატებს, ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებული იქნება არანაკლებ 2 აპარატი, ერთი აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში კენჭისყრა გაგრძელდება მეორე ფუნქციონირებადი აპარატით, ხოლო თუ ყველა გამოვა მწყობრიდან, ყუთს მოეხსნება ზემოდან დამაგრებული აპარატი და პროცესი ძველი წესით გაგრძელდება (ამომრჩეველი ბიულეტენს ყუთის ჭრილში მოათავსებს).

როგორ დაითვლება ხმები
ხმები დაითვლება ელექტრონული აპარატების (ხმის მიცემისა და ხმის დათვლის ოპტიკური სკანერის (Poll Count Optical Scanners (PCOS)) გამოყენებით. კენჭისყრის მიმდინარეობისას თითოეული აპარატი დამოუკიდებლად თვლის მიღებული ბიულეტენების შედეგს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ კი, აპარატებს შორის პირდაპირი კავშირით ხდება მიღებული ხმების დაჯამება. ცესკო აღნიშნავს, რომ უბანზე არსებული ხმის მთვლელი აპარატებს შორის საბოლოო ინფორმაციის მიმოცვლა მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი კავშირით, ინტერნეტის გარეშე ხდება.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე, ხმის მთვლელი აპარატი ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს.

აპარატის მიერ ბიულეტენების დათვლისა და წინასწარი მონაცემების ამობეჭდვის შემდგომ, კვლავ განსაზღვრულია ხელით გადათვლა, რის შემდგომაც შედგება იურიდიული ძალის მქონე შემაჯამებელი ოქმი. თუმცა წინასწარი მონაცემები ხელით გადათვლამდე გახდება ცნობილი.

როდის გამოცხადდება არჩევნების შედეგები
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ხმის მთვლელ აპარატში მოათავსებს გადასატანი ყუთის ბიულეტენებს. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში დაითვლის ხმებს და დაბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამონაწერის ასლს პლანშეტის საშუალებით ცესკოში გადაგზავნის, საარჩევნო უბანზე კი, დაიწყება ხელით დათვლის პროცედურა. თუმცა, წინასწარი პირველადი შედეგების გამოცხადება უკვე შესაძლებელი იქნება. ეს უბნების დახურვიდან დაახლოებით ორ საათში, 22:00 საათისთვის მოხდება.

საბოლოო შემაჯამებელი ოქმი საარჩევნო უბანზე ხელით დათვლის შემდეგ შედგება. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი იგზავნება ცესკოში პლანშეტის გამოყენებით, ოქმი კი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

როგორ მისცემენ ხმას ამომრჩევლები იმ უბნებზე, სადაც არ იქნება ელექტრონული აპარატები
768 საარჩევნო უბანზე არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდება. შემდეგ, საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება, გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

როგორ აძლევთ ხმას გადასატანი ყუთით
იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის დღეს ადგილზე მისვლას ვერ ახერხებთ, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიისთვის უნდა მიგემართათ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა.

ცესკო აღნიშნავს, რომ ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთით მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რაც გათვალისწინებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასა და ამომრჩევლის მარკირებასთან.

სად ტარდება არჩევნები ძველი წესით
394 547 ამომრჩეველი იმ უბნებზეა რეგისტრირებული, სადაც კენჭისყრის პროცესი ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორის არიან ემიგრანტები. ჯამში 768 უბანია, სადაც არჩევნები ძველი წესით ჩატარდება.

ქვეყანაში ასეთი უბნების უმეტესობა სოფლებშია. ყველაზე მეტი ტრადიციული საარჩევნო უბანი ლენტეხის და მესტიის ოლქებშია გახსნილი. მათ მოჰყვება თიანეთი, გარდაბანი, წალკა, ონი, ამბროლაური, ცაგერი, თეთრიწყარო, დუშეთი, საგარეჯო, დუშეთი, შუახევი, მარნეული და სხვ. 

საგარეჯო - 40-დან 25 უბანზე ჩატარდება არჩევნები ძველი წესით.
გურჯაანი - 44-დან 8 უბანზე
სიღნაღი - 25-დან 6 უბანზე
დედოფლისწყარო - 20-დან 11 უბანზე
ლაგოდეხი - 31-დან 10 უბანზე
ყვარელი - 29-დან 6 უბანზე
თელავი - 43-დან 10 უბანზე
ახმეტა - 24-დან 5 უბანზე
თიანეთი - 20-დან 13 უბანზე
გარდაბანი - 53-დან 34 უბანზე
მარნეული - 81-დან 40 უბანზე
ბოლნისი - 52-დან 11 უბანზე
დმანისი - 50-დან 23 უბანზე
წალკა - 39-დან 22 უბანზე
თეთრიწყარო - 40-დან 27 უბანზე
მცხეთა - 39-დან 15 უბანზე
დუშეთი - 49-დან 29 უბანზე
ყაზბეგი - 10-დან 3 უბანზე
კასპი - 32-დან 6 უბანზე
გორი - 94-დან 27 უბანზე
ქარელი - 35-დან 8 უბანზე
ხაშური - 38-დან 9 უბანზე
ბორჯომი - 24-დან 8 უბანზე
ახალციხე - 28-დან 2 უბანზე
ადიგენი - 16-დან 1 უბანზე
ასპინძა - 23-დან 14 უბანზე
ახალქალაქი - 62-დან 34 უბანზე
ნინოწმინდა - 35-დან 16 უბანზე
 ონი - 23-დან 18 უბანზე
ამბროლაური - 36-დან 23 უბანზე
ცაგერი - 41-დან 31 უბანზე
ლენტეხი 23-დან 19 უბანზე
მესტია - 40-დან 36 უბანზე
ხარაგაული 37-დან 19 უბანზე
თერჯოლა 30-დან 6 უბანზე
საჩხერე - 53-დან 11 უბანზე
ზესტაფონი 44-დან 2 უბანზე
ბაღდათი 24-დან 3 უბანზე
ვანი - 24-დან 3 უბანზე
 სამტრედია - 34-დან 4 უბანზე
ხონი - 26-დან 5 უბანზე
 ჭიათურა - 49-დან 6 უბანზე
 ტყიბული - 31-დან 15 უბანზე
 წყალტუბო - 57-დან 27 უბანზე
 ოზურგეთი - 45-დან 4 უბანზე
 ლანჩხუთში - 31-დან 6 უბანზე
ჩოხატაურში 33-დან 13 უბანზე
აბაშა - 20-დან 1 უბანზე
სენაკი - 36-დან 5 უბანზე
მარტვილი - 35-დან 7 უბანზე
ხობი - 24-დან 5 უბანზე
ზუგდიდი - 70-დან 8 უბანზე
წალენჯიხა - 22-დან 2 უბანზე
ქედა - 29-დან 8 უბანზე
ქობულეთი - 57-დან 1 უბანზე
შუახევი - 48-დან 29 უბანზე
ხელვაჩაური - 41-დან 4 უბანზე
ხულო - 53-დან 24 უბანზე


ვინ აკვირდება არჩევნებსცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნებს სულ 102 ადგილობრივი და 64 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.