სააკაშვილთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება - ლევან იოსელიანი

იოსელიანი

"სააკაშვილთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება", - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ვისაუბრეთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც არის მათი ინიციატივა და სჭირდებათ ოპოზიციიდან ხმები. მე ვუთხარი, რომ ჩვენი მხარდაჭერა ამ საგამოძიებო კომისიას არ ექნება. ამას აქვს ბევრი მიზეზი და მას კარგად ესმის ეს მიზეზები, ამაზე არ გვქონია დავა, თუ რატომ არ ვუჭერ მხარს, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, ხატიასაც და სხვა პოლიტიკოსებსაც "ნაციონალური მოძრაობიდან" ესმით, რომ ასე ურთიერთობის გაგრძელება კოლეგებთან ოპოზიციაში, არ შეიძლება, შეუძლებელია.

არ შეიძლება, პარლამენტში არ იყო და განუწყვეტლივ ტალახს ასხამდე ადამიანებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და აკეთებენ თავის საქმეს, მხარს რომ არ გიჭერენ არ ნიშნავს, რომ შენი მტრები არიან. ამიტომ, ამ საგამოძიებო კომისიას მხარდაჭერა არ ექნება ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ვისურვებდი, რომ ისინი დაბრუნდნენ პარლამენტში და ვიმუშაოთ სხვა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მარტო მიხეილ სააკაშვილი არ არის დღის წესრიგი ამ ქვეყნის, როცა სხვა საკითხებზე თანამშრომლობის პრეცედენტებს შევქმნით, მერე ალბათ უფრო მარტივი იქნება კომუნიკაციაც, შეთანხმებებიც, ამ ეტაპზე ეს სივრცე არ არსებობს, რადგან მთელი ეს პერიოდი იყო ჩვენი, "გირჩის" "გაშავებისთვის", ამან ის შედეგი მოიტანა რაც მოიტანა.

ნდობა არ არის ერთმანეთში, ხატია დეკანოიძეს პატივს ვცემ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" რომ ამას ხვალ არ გაიმეორებს, ამის გარანტად ვერც ხატია დადგება და ვერც ვერავინ. ამას სჭირდება საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნება და ურთიერთობების სწავლა, დიდი პარტიაა, განსხვავებული ადამიანები არიან მესმის, მაგრამ უნდა ისწავლონ ელემენტარული წესები საკუთარ კოლეგებთან,"- განაცხადა იოსელიანმა.