პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის შესახებ დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, კლინიკა „ვივა მედიში“ გადასვლაზე თანხმობას აცხადებს. სააკაშვილის ამ დამთმობლურ პოზიციას „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ ტაქტიკურ სვლად აფასებენ ქართველი ექსპერტები.
როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს და პროვოკაციების მორიგ ტალღას შექმნის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია.
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ყოველთვის არაორდინარული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ეს პროცესები კი საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესს მუდმივად შეანჯღრევს. თუნდაც, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს - კლინიკასთან იქნება მისი მხარდამჭერების მუდმივი აქციები, პროვოკაციები, რაც ქვეყანაში კიდევ უფრო დაძაბულ ვითარებას შექმნის.
მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანით იმის დემონსტრირება მოხდება, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი გაიტანა. ამის შემდეგ, ისინი ახალ გეგმას შექმნიან იმასთან დაკავშირებით, როგორ დაიხსნან სააკაშვილი ციხიდან. მათი მთავარი ამოცანა არის, სააკაშვილთან ერთად, ხელისუფლებაში როგორმე დაბრუნდნენ, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
უნდა ითქვას, რომ სააკაშვილის მიერ კლინიკაში გადასვლაზე თანხმობა არის „ნაცმოძრაობის“ ტაქტიკური სვლა, რადგან გაუგებარი იქნება დასავლელი პარტნიორებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას მხარს უჭერენ, რატომ ამბობს სააკაშვილი საქართველოს კლინიკაში მკურნალობაზე უარს“, - განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მივა თუ არა საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე? - არეშიძე გვპასუხობს, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე უკვე მისულია.
„საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირებამდე უკვე მივედით, მაინც და მაინც სროლას ხომ არ დავუწყებთ ერთმანეთს. გამსახურდიას დროინდელი გამოცდილება რომ არ გვქონდეს, დარწმუნებული ვარ, ახლა ქვეყანაში სამოქალაქო ომი იქნებოდა“,- განაცხადა არეშიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადასვლისთვის შემდეგ პირობებს ასახელებს: ის მოითხოვს, რომ კლინიკაში შეუფერხებლად დაუშვან მისი ოჯახის წევრები, პირად ექიმი, ალტერნატიული კომისიის წევრები ცენტრ "ემპათიადან", ადვოკატები და პარლამენტის წევრები.
სააკაშვილი ასევე მოითხოვს, რომ დანიშნულების დადგენასა და მკურნალობის შემდგომი ეტაპებისა თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი „ემპათიის“ ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.