პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციურმა უმრავლესობამ რუსთავის მერიას ულტიმატუმი წაუყენა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი, რომელიც ქალაქის ბიუჯეტის გაზრდა იყო, საკრებულომ ბიუროს სხდომაზე განიხილა და მოიწონა, თუმცა ოპოზიციონერმა წევრებმა საბიუჯეტო ცვლილების განხილვაზე უარი განაცხადეს, თუ საკრებულოში მერი ან მერის მოადგილე არ მივიდოდა.
რუსთავის საკრებულოს დღევანდელი სხდომა პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრის და პარლამენტარ ბექა ლილუაშვილის გამოსვლით დაიწყო და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი, რუსთავის პრობლემების ამსახველი ფოტოების დემონსტრირებით გაგრძელდა.
რუსთავის საკრებულოს დღევანდელი სხდომა დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალური ბრიფინგი გამართა ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ბრიფინგის დასაწყისში, რუსთავის მერმა, გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, წუხილი გამოთქვა და გარდაცვლილი მცირეწლოვნის ოჯახს მიუსამძიმრა.
როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, გუშინ მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, დღეს ოპოზიციურმა საკრებულომ, პოლიტიკური სპექტაკლი გამართა ფოტოგამოფენის თანხლებით და პარლამენტარ ბექა ლილუაშვილის მონაწილეობით.
,,მინდა დავიწყო გუშინდელი ძალიან მძიმე ტრაგედიით, სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ვუთხრა, რომ მთელი გულით ვიზიარებთ მათ მწუხარებას. სამწუხაროა, რომ ჩვენთვის სწორედ ამ მძიმე დღეს, რუსთავში ოპოზიციურმა საკრებულომ გამართა პოლიტიკური სპექტაკლი ფოტოგამოფენის თანხლებით და პარლამენტარ ბექა ლილუაშვილის მონაწილეობით. ამ სპექტაკლის ბოლო ნაწილი იყო, ის რომ წამოაყენეს ულტიმატუმი თუ სხდომაზე არ გადავიდოდა მერი ან მერის მოადგილე, არ დაამტკიცებდნენ ბიუჯეტის ზრდის საკითხს. დღეს რუსთავში 400 მისამართზე 87 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები მიმდინარეობს. რუსთაველები კარგად ხედავენ, რომ მერიის გუნდი ყველაფერს აკეთებს, ყველა არსებულ შესაძლებლობას იყენებს ქალაქის განვითარებისთვის, თუმცა ვიცით, რომ ჯერ კიდევ დასაძლევია არაერთი პრობლემა და გამოწვევა. მოვუწოდებ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურ ნაწილს, არსებობის შემთხვევაში წარმოგვიდგინოს კონკრეტული რეალისტური გეგმა თუ როგორ შეიძლება ერთდროულად ყველა ავარიული შენობის და ყველა გზის რეაბილიტაცია, თუ როგორ შეიძლება ერთდროულად ყველა უბინაოს მივცეთ ბინა, ასევე ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა ერთდროულად გავაუმჯობესოთ. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ და ერთად, დეტალურად, ღიად მოვისმინოთ პრობლემების ერთდროულად მოგვარების ოპოზიციის გეგმა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, საკრებულოს სხდომებს არაერთხელ დაესწრნენ სამსახურის უფროსები და თავადაც, თუმცა მათი სხდომაზე მისვლა პოლიტიკური კინკლაობისა და განცხადებების გასაკეთებლად იქნა გამოყენებული.
,,ყველამ კარგად ნახა, რომ საკრებულოში კონკრეტული კითხვა და სიღრმისეული მსჯელობა განცხადებით არ ყოფილა და ჩემი იქ მისვლა გამოიყენეს პოლიტიკური კინკლაობის და პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად. ასე მოხდა როდესაც დეველოპერების საკითხი უნდა განეხილათ, მაშინაც ულტიმატუმის ენით გველაპარაკებოდნენ და ამბობდნენ გადასულიყო სამსახურის უფროსი, რომელიც სხდომაზე მივიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკითხი მაინც არ გაიტანეს და მხარი არ დაუჭირეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანებს, რომელთაც რუსთაველებმა ნდობა გამოუცხადეს, უცრუებენ იმედებს და ულტიმატუმის ენით ესაუბრებიან არა მხოლოდ მუნიციპალიტეტს, არამედ მთელ ქალაქს. როდესაც მათზეა დამოკიდებული გაუმჯობესდება თუ არა სოციალური ბიუჯეტი, განვითარდება თუ არა ქალაქი, ამის ნაცვლად, მთელ ქალაქს ულტიმატუმის ენით გვესაუბრებიან, აი ეს არის რეალობა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ბრიფინგზე.
რუსთავის მერის ბრიფინგის დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ულტიმატუმი არ შესრულდა, საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილების საკითხი მაინც დაამტკიცა და ბიუჯეტის 104 მილიონ ლარამდე გაზრდას მხარი მაინც დაუჭირა.