რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს

ლაცაბიძე

 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ იმსჯელეს.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2021-2025 წლებში ქალაქის მერიის მხრიდან განხორციელებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ჰაერის მართვის გეგმის მიხედვით მუნიციპალიტეტს ჰქონდა განსაზღვრული.

,,მიუხედავად იმ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკისა, რაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტისა და რუსთავის მერიის გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგად გვაქვს სახეზე, ეკოლოგია კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ღიად ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე, რაც ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო კომპლექსურად მოითხოვს ერთობლივი ღონისძიებების გატარებას”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სხდომას პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, რუსთავის ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია. როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, პოზიტიური ცვლილებები სახეზეა, როგორც სამრეწველო ემისიების, ისე ჰაერში მტვრის ნაწილაკების წარმოქმნის პრევენციის კუთხითაც.

კომიტეტის სხდომაზე იმ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება, რაც რუსთავისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება და კომპლექსური ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. რუსთავში 2021-2025 წლებში ახალი რეკრეაცია 219 853 კვ/ მ ფართობზე გაშენდა, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო 199 219 კვ/მ ფართობზე, ქალაქს ეკოლოგიურად სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტი ემსახურება, განხორციელდა მასშტაბური ენერგოეფექტური პროექტები და დაწყებულია ჭალის ტყეების აღდგენა-განვითარება.