რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა

კკ

 რუსეთმა დღეს გამთენიისას უკრაინის მიმართულებით ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე ასობით დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მორიგი მასშტაბური შეტევის შედეგად დაზიანებები დაფიქსირდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კიევსა და ლვოვში. თავდასხმა რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რუსეთი კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი იერიშისთვის ემზადებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში, ლვოვში, კრივი რიჰსა და პოლტავის ოლქში სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, ხოლო სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა.

აფეთქებების ხმა უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის ქვეყნის შორეულ დასავლეთ რეგიონებში ისმოდა, რომლებიც ფრონტის ხაზიდან ასეულობით კილომეტრით არიან დაშორებული.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დედაქალაქში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ჩამოვარდნილი ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა სვიატოშინსკის რაიონში მდებარე ავტოფარეხში, ასევე ობოლონის რაიონის ბაზარში.

კიევის ოლქში, დედაქალაქის შემოგარენში, ბროვარიში სამი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.