რუსეთის აგენტობას აბრალებენ ალენ ბერსეს, რომლის წინააღმდეგაც მისცა ხმა საპარლამენტო ასამბლეაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მხარი დაუჭირა დიდიე რეინდერს, რომლის წინააღმდეგაც მიდის გამოძიება ფულის გათეთრებაზე - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

ბატონი ბერსზე, ვინც შვეიცარიის პრეზიდენტი იყო ორჯერ, შვეიცარიის პარლამენტის წევრი იყო წლების განმავლობაში და არის ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ამ ადამიანს აბრალებენ რუსეთის აგენტობას და გეტყვით, რატომაც აბრალებენ. „ნაციონალურმა მოძრაობა“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი იყო და მის წინააღმდეგ მისცა ხმა, როდესაც არჩევნები იყო და იცით ვის დაუჭირა მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“? ბატონ დიდიე რეინდერს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავის დროზე, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პოსტზე ალენ ბერსეს ნაცვლად, მხარი დაუჭირა დიდიე რეინდერს, რომლის წინააღმდეგაც დღეს გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების ბრალდებით.

„რეინდერი გახლდათ ევროკავშირის კომისარი მართლმსაჯულების საკითხებზე, რომლის წინააღმდეგაც დღეს მიდის გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, გაჩხრიკეს მისი ბინა, ამოიღეს ნაღდი ფული, რომლის წარმომავლობასაც ის ვერ ადასტურებს. ეს ადამიანი, პირველ დეკემბრამდე იყო ევროკავშირის კომისარი მართლმსაჯულების საკითხებში, მეც მქონდა მასთან შეხვედრა. ეს ადამიანი მე მიხსნიდა, ქართული მართლმსაჯულება როგორ უნდა მოგვეწყო, რას ნიშნავდა სამართლის უზენაესობა, კანონიერება, აღმოჩნდა, რომ ველაპარაკებოდი ადამიანს, რომელზეც გამოძიება მიდის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი შეხვდა შემდეგ ზურაბ ადეიშვილს, მათ შორის, როდესაც იმყოფებოდა ბრიუსელში. კარგი ფაქტია, რომ ეს ადამიანი იყო მხარდაჭერილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კანდიდატურად.“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც ფულის გათეთრების ბრალდებით მიდის გამოძიება, მას ასწავლიდა, რა არის კანონის უზენაესობა. შესაბამისად, პაპუაშვილის შეფასებით, ეს ფაქტიც, ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი დასტურია.

„ესეც აჩვენებს, რა ქსელთან, რა კავშირებთან გვაქვს საქმე - ადამიანი, რომელზეც ფულის გათეთრების ბრალდებით მიდის გამოძიება, აქ მე მასწავლიდა რა არის მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და თურმე, ასეთი ბრალდების ქვეშ მყოფ ადამიანთან მქონდა საუბარი. ეს არის ის, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ, ის პოლიტიკური კორუფცია, რომელიც დადასტურდა იმით, რომ თურმე, ამერიკელი ლობისტები წერენ ევროპარლამენტის რეზოლუციას. კიდევ კარგი, რომ ამერიკის უცხოელი აგენტების რეესტრში ვნახეთ პირდაპირ ხელშეკრულება, რომლის ანგარიშშიც პირდაპირ ეწერა, რომ ლობისტები ელაპარაკებოდნენ ევროპარლამენტის წევრებს და უწერდნენ მათ რეზოლუციის პროექტებს და საბოლოოდ ვნახეთ, როგორ აღმოჩნდა კეზერაშვილის - საერთაშორისო კრიმინალის გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საბოლოოდ შეირცხვინა თავი ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.