1732386875
რუსეთი ონკოლოგიური დაავადებაა, რუსეთი არის თამბაქო, თამბაქო სიცოცხლის მტერია - ლადო კახაძე
რუსეთი არის თამბაქო, მისი ყველა პროდუქტი, რომელსაც სიცოცხლის მსახურებისთვის ერთი სასიკეთო საქმე არ გაუკეთებია, - ამის შესახებ დეპუტატმა ლადო კახაძემ „პრაიმტაიმთან“ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის ძალაში შესვლის ხელშემწყობი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ყველა პლატფორმას ვიყენებ, ეს ჩემმა ასაკმა, გამოცდილებამ და პროფესიამ (მედიკოსობა/პოლიტიკოსობა) მომცა საშუალება, რომ გავაკეთო შედარებები და ანალოგიები საჯაროდ. რუსეთი მე ონკოლოგიურ დაავადებას შევადარე, რომელიც მარტო თავისი მეტასტაზებით არ არის საშიში. დღეს კიდევ გამოვიყენე პალტფორმა, რომ გამეზიარებინა ჩემი ემოცია, რუსეთი არის თამბაქო. მისი ყველა პროდუქტი, რომელსაც ერთი სასიკეთო საქმე სიცოცხლის მსახურებისთვის არ გაუკეთებია.
სამშობიარო სახლს რომ დაბომბავ, ორსულ ქალს რომ მოკლავ, დედას შვილს რომ მოუკლავ, ვინ ხარ? რას წარმოადგენ? შენი მოხსენიება ცივილიზაციის რომელ მხარეს შეიძლება? სიცოცხლის მსახურის, თუ მტრის? თამბაქო სიცოცხლის მტერია. 24 თებერვლიდან ერთი ღამე არ მიძინია, რუსეთი სიცოცხლის მტერია. მარტო ახლა კი არა, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული ამას ვამბობ. სიცოცხლის მტერია, სადაც თვითონ არ არის უპირატესი. რუსეთის პრეზიდენტის აპარატისგან მოვისმინე, თუ ჩვენ რამე საფრთხე შეგვექმნა, ატომური იარაღი გამოვიყენოთო. ამიტომ მე, როგორც ერთი კაცი, რომელსაც უფრო ცოტა დამრჩა, ვიდრე გამოვიარე, ყველა პლატფორმაზე გავაჟღერებ. რუსებს, რუსეთს იმ შოვინისტური აზრის განვითარებაში, რომელიც ნაციონალური უპირატესობებისა და ნაციონალური თავისუფლების წინააღმდეგ იყენებს, ხვალინდელი დღე არ უწერია“, - განაცხადა ლადო კახაძემ.