რთული დროა მთელ მსოფლიოში, რუსეთის აგრესია უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება, ისედაც რთულად პროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში მთავრობას განსაკუთრებული გონიერება მართებს - პრემიერი

პრემიერი ჯარს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა.

პრემიერის თქმით, დღეს ძალიან რთული დროა მთელ მსოფლიოში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რთულად პროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში მთავრობას განსაკუთრებული გონიერება მართებს.

„დღეს ძალიან რთული დროა მთელ მსოფლიოში. რუსეთის აგრესია უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება. ისედაც რთულად პროგნოზირებად, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ, მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება გვმართებს. ამავდროულად, ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები და, პირველ რიგში, ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. ვაგრძელებთ გრძელვადიანი გეგმის მიხედვთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს და მჯერა, ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი გახდება. დღევანდელ დღეს, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, გისურვებთ გამარჯვებას, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.