რთული არჩევანი - „ამომრჩეველი, რომელიც სააკაშვილს გაჰყვება, თუ ფული, რომელიც კეზერაშვილს მოჰყვება“ - ვისზე დადებენ ფსონს „ნაციონალურ მოძრაობაში“

ხაბეიშვილი-ჩალაძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას ფარდა საჯაროდ აეხადა. პარტიის ლიდერები ერთმანეთს საკმაოდ მწვავე ბრალდებებს უყენებენ და ერთმანეთის შეურაცხყოფას საზოგადოებაში უკვე აღარ ერიდებიან.

პროცესები იქამდე მივიდა, რომ ოპოზიციურ პარტიაში შიდა პარტიული არჩევნების ჩატარება გადაწყდა, პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა უნდა დაკომპლექტდეს და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე უნდა შეირჩეს.

ვინ იბრძოლებს პარტიის თავმჯდომარის სავარძლის დასაკავებლად?

ერთმანეთს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის კადრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრის,  დავით კეზერაშვილის რჩეული კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდებიან, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ნიკა მელია და გიორგი მუმლაძეც, თუმცა მათი კანდიდატურები მარცხისთვის განწირულია, ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი აცხადებს.

„სააკაშვილების ოჯახის კანდიდატია გიორგი ჩალაძე, ის არის ამ ოჯახის მხრიდან კონტროლირებული პირი. ასეთი ფორმით არჩეული თავმჯდომარე პარტიაში ბევრისთვის არ იქნება მიღებული, თუმცა აქ მაინც მნიშვნელოვანი იქნება სააკაშვილის ფაქტორი.

სხვა თემაა დავით კეზერაშვილი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის იმ გუნდის მეთაური, რომელიც ძველი ოდიოზური ფიგურებით არის დაკომპლექტებული. შიდაპარტიულ არჩევნებში კეზერაშვილი ლევან ხაბეიშვილზე დებს ფსონს, კეზერაშვილი არის ფინანსური კუთხით ძლიერი, სააკაშვილი კი ამომრჩევლის კუთხით მნიშვნელოვანი“, აცხადებს ახვლედიანი. 

კეზერაშვილის თუ სააკაშვილის კადრი - ვისზე გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევანს?

როგორც ახვლედიანი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“’  მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნებს უფრო დაემორჩილება, ვიდრე დავით კეზერაშვილის, თუმცა ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის.  

„მე ვფიქრობ, ალბათ, მნიშვნელობას მიანიჭებენ სააკაშვილის კადრს, ჩალაძეს, უფრო მოკლევადიანი ინტერესების  შემთხვევაში კი ხაბეიშვილს. რეალურად, ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“  სხედან და ფიქრობენ, რა უფრო მეტად უღირთ, ამომრჩეველი, რომელიც სააკაშვილს მიჰყვება, თუ ფული, რომელიც კეზერაშვილს მოჰყვება“,- განაცხადა ახვლედიანმა.

რატომ გაწირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელია?

როგორც ახვლედიანი აცხადებს, მელია დამოუკიდებელი თამაშის მსხვერპლი გახდა.

„ნიკა მელიას წყალი რომ შეუყენეს, პარტია რომ ამოუყირავეს და მას ახლა გადაყენებით რომ ემუქრებიან, ეს ფაქტია. ნიკა მელია, რა თქმა უნდა, სააკაშვილისთვის თავიდანვე გახდა მიუღებელი, რადგან ის პირველი იყო, რომელმაც გადაწყვიტა საკუთარი თამაშის გათამაშება.

ნიკა მელიამ ძალიან შეავიწროვა სააკაშვილის ყოფილი ელიტა, ის, ვინც სააკაშვილთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში. მან პარტიაში მიიყვანა ახალგაზრდების გუნდი და  მაგიტომაც დარბოდნენ ძველი თაობის ნაცები მიშასთან უკრაინაში და ეუბნებოდნენ, რომ მელია გვღუპავს, ჩვენ გვანაცვლებსო“,- განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს.  პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. როგორც მან აღნიშნა, მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ტიპის არჩევნებში.