რომან კაკულია: ჩვენ მაინც უნდა ვკონცენტრირდეთ ადგილობრივ არჩევნებზე და ისეთი მექანიზმების დახვეწაზე, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით ეს ლაპარაკი დამთავრდეს

რომან კაკულია

ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, ადგილობრივ არჩევნებზე კონცენტრირება, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ოპოზიციასაც მეტი საღი აზრი რომ ჰქონდეს, ისინიც ამ საკითხზე უნდა კონცენტრირდნენ, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მან ისაუბრა იმ მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე, რომელიც ჩატარებული არჩევნების მიმართ პრეტენზიებს ნულამდე დაიყვანს.

„მოდით, ჯერ შევთანხმდეთ ამ მექანიზმებზე ერთხელ და სამუდამოდ. ჩაერთოს ყველა. ინტერესი არჩევნების მიმართ იმხელაა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი ადამიანი ჩაერთვება სწორედ იმ მექანიზმების განხილვაში, რითაც უნდა შეფასდეს შემდეგ არჩევნები, როგორ ჩატარდა. ეს ადგილობრივი არჩევნები ისედაც ბევრის მთქმელი იქნება. ანუ, ძალიან ადვილად იქნება გასაგები ამ შედეგიდან პრეტენზიებს ჰქონდა საფუძველი, თუ - არა“, - განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, მანამდე ხელისუფლებამ არსებულ ზეწოლებს უნდა გაუძლოს. კაკულიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს ზეწოლები შემცირდება.

„დაველოდოთ ტრამპის ადმინისტრაციას. იმედი მეც მაქვს, რომ მათი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია როგორიც არ უნდა იყოს, ჩვენ მაინც უნდა ვკონცენტრირდეთ, „ქართული ოცნება“ ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივ არჩევნებზე და ისეთი მექანიზმების დახვეწაზე, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით ეს ლაპარაკი დამთავრდეს, იმდენად გასაგები უნდა იყოს ეს მექანიზმი“, - აღნიშნა კაკულიამ.