1734813647
როგორც პატარა სახელმწიფოს, ამბიცია გვაქვს, შევუერთდეთ ნატოს, თუმცა პატარა ქვეყნების ამბიციები ამ დაუნდობელ საერთაშორისო სისტემაში თითქმის არაფერს ნიშნავს. დიდი სახელმწიფოები წყვეტენ საერთაშორისო სისტემის მოწყობას - ლაშა კასრაძე
რა თქმა უნდა, როგორც პატარა სახელმწიფოს, ჩვენი ამბიცია გვაქვს, შევუერთდეთ ნატოს, რომ ნატომ მოგვცეს უსაფრთხოების გარანტია, თუმცა პატარა ქვეყნების ამბიციები ამ დაუნდობელ საერთაშორისო სისტემაში თითქმის არაფერს ნიშნავს. დიდი სახელმწიფოები წყვეტდნენ საუკუნეების მანძილზე და დღესაც დიდი სახელმწიფოები წყვეტენ საერთაშორისო სისტემაში ამ სისტემის მოწყობას, - განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა ლაშა კასრაძემ „იმედი LIVE“-ში აშშ-დან ჩართვისას.
წამყვანმა მას ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ბუქარესტის სამიტზე როდესაც თქვეს, რომ საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ ნატო-ს წევრი ქვეყნები, სწორი გადაწყვეტილება არ იყო.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა დასვით და ეს კითხვა დღესაც კულისებს მიღმა არის და ჩრდილივით აწევს მთელს ამ პროცესს და მასში მონაწილე მხარეებს. ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავიგოთ. რა თქმა უნდა, როგორც პატარა სახელმწიფოს, ჩვენი ამბიცია გვაქვს, შევუერთდეთ ნატოს, რომ ნატომ მოგვცეს უსაფრთხოების გარანტია. ერთი მხრივ, ეს აბსოლუტურად ლოგიკურად ჟღერს და უფლებაც გვაქვს როგორც სახელმწიფოს, მაგრამ აქ რაშია იცით პრობლემა? საერთაშორისო ურთიერთობები შეცდომებს არ პატიობს. პატარა ქვეყნების ამბიციები ამ დაუნდობელ საერთაშორისო სისტემაში თითქმის არაფერს ნიშნავს. დიდი სახელმწიფოები წყვეტდნენ საუკუნეების მანძილზე და დღესაც დიდი სახელმწიფოები წყვეტენ საერთაშორისო სისტემაში ამ სისტემის მოწყობას.
2008 წელს ძალიან ახლოს მივედით სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე. ჩვენ რომ უფრო პრაგმატულები გავხდეთ, ჩვენი შეხედულებები რომ მორგებულ იქნას რეგიონულ, საერთაშორისო რეალობაზე და აქედან გამომდინარე გავაკეთოთ გათვლები და გადაწყვეტილებები მივიღოთ, ვფიქრობ ჩვენი უსაფრთხოება გაიზრდება“, - აღნიშნა კასრაძემ.