როგორც ნიკა კვეკვესკირმა თქვა, ფეხბურთელები ერთმანეთს ამხნევებენ და მათ შორის განხეთქილების ჩამომგდებ აზრს არ უშვებენ, მაგრამ რადიკალების მხრიდან ამის მცდელობა რომ არის, ხომ ფაქტია? - ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

"ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთი შედეგისთვის რომ მიეღწია საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში იქნებოდნენ?" - ამის შესახებ მედიასთან "ხალხის ძალის" პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალები იმ დადებითი შედეგების დამახინჯებასაც ცდილობენ, რომელსაც საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწიეს.

"მახსოვს, FIFA-ს დაფინანსებული ერთი და იგივე ბაზა სამჯერ გახსნა სააკაშვილმა. ცალკე თემაა, რა აქვთ ამ მხრივ გაკეთებული - როგორი დამცირებული ჰყავდათ ფეხბურთელები ნაცმოძრაობის დროს, რა მდგომარეობა იყო ფეხბურთში და ა.შ. ამიტომ, ყველას თავისი როლი აქვს და ამაზე საუბარი არ უნდა მოგვერიდოს - "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავისი დადებითი როლი შეასრულა ამ პროცესში და იგივე ხვალაც უნდა გააგრძელოს.

ფეხბურთელებთან დახვედრაზე რომ ქილიკობდნენ, წარმოიდგინეთ, ხელისუფლებას ეს რომ არ დაეორგანიზებინა, რას იტყოდნენ. რადიკალები ამ დადებითი პროცესის დამახინჯებასაც ცდილობენ. როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, ვიცი ნაკრების წევრების მდგომარეობა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არავინ, მათ შორის ბუდუ ზივზივაძე არ დაზიანდეს რადიკალების ქმედებებისგან. როგორც ნიკა კვეკვესკირმა თქვა, ერთმანეთს ამხნევებენ და მათ შორის განხეთქილების ჩამომგდებ აზრს არ უშვებენ, მაგრამ რადიკალების მხრიდან ამის მცდელობა რომ არის, ხომ ფაქტია?" - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.