როგორც კი დაკომპლექტდა მთავრობა, მივიღეთ გადაწყვეტილება სამთავრობო აქტების გამჭვირვალობისთვის, ათიათასობით აქტია გამოქვეყნებული, ნებისმიერს შეუძლია, დაინტერესდეს, არის თუ არა იქ კორუფციის ნიშანი, მზად ვართ კითხვებზე პასუხისთვის - პრემიერი

კობახიძე

არც ერთ დარგობრივ პოლიტიკას არ აქვს წარმატების რესურსი, თუ თვითონ მართვის სისტემა არ არის მოწესრიგებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „POSTV“-თან ინტერვიუში.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, რომ ქვეყანა მოხვდეს ევროპის სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.

„ღიად ვისაუბრეთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა კორუფციას და რაც მთავარია, არამხოლოდ ვისაუბრეთ, არამედ მივიღეთ კონკრეტული ზომები და აქ არ ვგულისხმობ მარტო გამოძიების დაწყებას კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, მთავარი იყო პრაქტიკის მოწესრიგება. თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც კი დაკომპლექტდა ახალი მთავრობა - სამთავრობო აქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შესახებ. მას შემდეგ ათიათასობით სამთავრობო აქტია გამოქვეყნებული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახსნას ეს აქტები და დაინტერესდეს, არის თუ არა იქ კორუფციის რაიმე ნიშანი, მზად ვართ ყველა კითხვაზე პასუხისთვის. ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, რომ ევროპის სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ნაბიჯებით, რაც უკვე გადაიდგა და რაც მომავალშიც გადაიდგმება, ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი აბსოლუტურად მიღწევადია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.