როგორ შეიძლება ადამიანმა, ვინც უწმაწური სიტყვები უწოდა სალომე ზურაბიშვილს, რამე საკითხთან მიმართებაში მასთან კონსულტაცია გამართოს" - გია ვოლსკი პრეზიდენტისა და ნიკა გვარამიას შეხვედრაზე

ვოლსკი

"ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი პრეზიდენტთან ოპოზიციის განახლებულ კონსულტაციებს გამოეხმაურა. როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, სტრატეგიული გეგმის ნაწილია ის, რომ პრეზიდენტი თავის თავზე იღებს ე.წ. ტექნიკური მთავრობის წევრების დასახელებას, რადგან იცის, რომ "კოლექტიურ ნაცმოძრაობის" პოპულარობა დაბალია.

"ტექნიკური მთავრობის დასახელება, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის დასახელება, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა იქიდან გამომდინარე, რომ თავადაც კარგად ესმის, საზოგადოებაში არ არის პოპულარული სისხლიანი ხელებით დღემდე მოსული კოლექტიური ნაცმოძრაობის სახე, როგორც დამნაშავისა. აქედან გამომდინარე, იდეა, რაც იმ ქარტიაშია მოცემული, რომ ამას სალომე ზურაბიშვილი იღებს თავის ხელში, რომელსაც ამ სისხლთან, ამ დანაშაულებთან კავშირი არ ჰქონია, არის სტრატეგიული გეგმის ნაწილი.

ქარტიის წევრების დაპირისპირებაც, ვფიქრობ, გათამაშებული სცენარია, თორემ როგორ შეიძლება ადამიანმა, ვინც უწმაწური სიტყვები უწოდა სალომე ზურაბიშვილს, რამე საკითხთან მიმართებაში მასთან კონსულტაცია გამართოს", - აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე 4 დღით ადრე პრეზიდენტთან ოპოზიციის კონსულტაციები განახლდა. სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს შეხვდა. მანამდე, ორბელიანების სასახლეში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია იმყოფებოდა.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ დახურული შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ამ დრომდე უცნობია, აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრამდე ქარტიით განსაზღვრული "ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის ან პრემიერობის კანდიდატის დასახელებას.