„როდესაც საუბარი იყო უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვასა და მხარდაჭერაზე, ეს იყო ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა“ - ლანა გალდავა

ლანა გალდავა

უკრაინაში ომის დაწყების 3 წლისთავს ოპოზიციურ პარტიებში ეხმაურებიან. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, როდესაც საუბარი იყო უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვასა და მხარდაჭერაზე, ეს იყო ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა.

"ომი არის ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, იქ, სადაც 20% არის ოკუპირებული რუსეთის არმიის მიერ და სადაც დღესაც დგანან რუსული ჯარები. როდესაც საუბარი იყო უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვასა და მხარდაჭერაზე, ეს იყო ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა, მითუმეტეს, რომ ამას გვავალდებულებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც გვაქვს უკრაინასთან და, ასევე, უკრაინელების წვლილი ძალიან დიდი იყო საქართველოში აფხაზეთის ომის დროს," - აცხადებს ლანა გალდავა.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ საქართველოს უფრო მეტად უნდა დაეჭირა მხარი უკრაინისთვის ამ პროცესში.

"ამ სამი წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო აქტიური, მათ შორის, უკრაინის დასახმარებლად, რადგან უკრაინელები იცავენ არამარტო თავიანთ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის ფედერაციის გარშემო მყოფი ქვეყნების თავისუფლებასა და სუვერენიტეტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო დიდი უნდა ყოფილიყო საქართველოს როლი უკრაინის დახმარების საქმეში," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.