როდესაც ოპოზიციური ნიშა დაკავებულია, ოკუპირებულია ანტიდემოკრატიული ძალებით, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური ქსოვილის განვითარება ფერხდება - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

როდესაც ოპოზიციური ნიშა დაკავებულია, ოკუპირებულია ანტიდემოკრატიული ძალებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ფერხდება ნორმალური პოლიტიკური ქსოვილის განვითარება ქვეყანაში, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს.

„ამიტომ, ასეთი ძალების ჩამოშორება, როგორც მორალური პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით გზას გაუხსნის ქვეყანაში ნორმალური ოპოზიციის ჩამოყალიბებას და გაძლიერებას“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„მოგეხსენებათ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით“.